“ზუსტადაც იმ სტანდარტისაა საქართველო თავისი სამხედრო აქტივობებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და მომავლისკენ გამიზნული სტრატეგიული გეგმებით, რომ იყოს ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების ოკუპირება სერიოზულ განსჯას იწვევს არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგრამ რასაც ადამ კინზნგერი ამბობს, ეს სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და დემოკრატიის შეფასებაა.
„ზუსტადაც იმ სტანდარტის არის საქართველო თავისი სამხედრო აქტივობებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და მომავლისკენ გამიზნული სტრატეგიული გეგმებით, რომ იყოს ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი. საქართველოს არაერთი რესურსი გაიღო, რათა ნატო-ს სისტემამ შექმნას საიმედო კონტროლი ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და საერთაშორისო კრიმინალის გავრცელების სფეროში. კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასება იყო მოკლე, მაგრამ მთლიანად იდეა და აზრი არის სწორედ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვისაუბროთ კინზინგერისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, ვინაიდან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც საქართველოს რესურს წონი, ყველაფერი გასათვალისწინებელია. საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით არსებობს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად საქართველო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ვარიაციები სხვადასხვაა, მაგრამ კინზინგერის განცხადება უკავშირდება საქართველოს დღევანდელ სტატუს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები