სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ.
ინსპექტირება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში ტარდება.
დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების – ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა.