ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა” არ არის მწვავე კრიტიკოსი, არამედ ის დესტრუქციული და ანტისისტემური პოლიტიკური ძალაა

“ეს არჩევნები იქნება საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კვლევებში ისევ ჩანს, რომ მეორე ადგილს კვლავ „ნაციონალური მოძრაობა” იკავებს, თუმცა ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად იზრდება დაშორება „ქართულ ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგებს შორის.

კობახიძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა” ძალიან მცირედ იქნება წარმოდგენილი შემდეგი მოწვევის პარლამენტში.

„ეს რეალობა თანდათან მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ სურათს ჩვენს ქვეყანაში. დღეს თუ გადავხედავთ ოპოზიციურ სპექტრს, არის ძალიან მძიმე სურათი. რა თქმა უნდა, კრიტიკა არის დემოკრატიისა და განვითარების საფუძველი. ეს არის დემოკრატიის მთავარი არსი და მისი დადებითი მხარე. რაც უფრო ძლიერია კონსტრუქციული კრიტიკა, მით უკეთესია დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ნაცმოძრაობა” არ არის მწვავე კრიტიკოსი, არამედ ის დესტრუქციული და ანტისისტემური პოლიტიკური ძალაა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ძალის მომავალი მისი წარსულითა და აწმყოთი ფასდება.

„ეს მომავალიც იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო მისი წარსული და აწმყო, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. ნებისმიერი ოპოზიციური ძალის კოალიცია „ნაცმოძრაობასთან” თეორიულადაც რომ დავუშვათ, ეს იქნება ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გავა ისევ „ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ – იმაზე მცირე შედეგებით, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები