„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მარნეულში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა.
„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამენტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები მოსახლეობაში აღიქმება, როგორც ეკლესიის პოზიცია”, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისათვის, ამავე კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2 და „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, დაფიქსირდა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი.
კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.