ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა
“უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე”,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ “ვცხოვრობთ რთულ დროს”.
“ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის დღესასწაულს, ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამათა თვისთა და დედათა თვისთა, უფროს თაობებს, რათა დღეგრძელნი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი” , – განაცხადა ილია მეორემ.