შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ოთხმოცი ფოტოხაფანგი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღჭურვილობა, „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განახლდა.

პროექტი, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასაც მოიცავდა.

“საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ ტექნიკური საშუალებები პირადად დაათვალიერა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიც ლუკოვაკსა და პროგრამის მენეჯერ მარკ ჰულსტს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, თემურ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინე მაჭავარიანი დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები