საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად დღეს იმ პარტნიორებს შეხვდა, რომელთა დახმარებით საქართველოში “კოვიდ-19″-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
პრემიერმინისტრმა კვლევაზე მუშაობის პროცესში ჩართულ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ინტერესისა და აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა მიღწეული წარმატების მიუხედავად და შესაძლო მომდევნო ტალღას ისევე, როგორც მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.
კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.