მაია ბუწაშვილი covid 19-ის შემთხვევათა ზრდაზე: ასეთი აღმავლობები გასაკვირი არაა, მთავარია, არ მოხდეს შიდა გადაცემის მასშტაბური დაწყება

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა, საქართველოში ეპიდსიტუაცია შეიძლება, შეფასდეს, როგორც ძალიან კარგი. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობითაც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ეპიდსიტუაცია მაინც შეიძლება, შეფასდეს, როგორც ძალიან კარგი. იმის ილუზია, რომ კორონავირუსი იყო დამარცხებული, ფაქტობრივად, სპეციალისტებს არც ჰქონდათ. ასეთი შემთხვევები იქნებოდა, კიდევ იქნება. საბედნიეროდ, ეს არ არის შემთხვევების განუხრელი მატება.

„მეორე ტალღა“, როგორც ასეთი, არცაა ეპიდემიოლოგიური ტერმინი, ეს უფრო საყოფაცხოვრებო ტერმინია. აქ გულისხმობენ იმას, შემთხვევების რაოდენობა განუხრელად მატებას თუ დაიწყებს. ამ შემთხვევასთან, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, საქმე არ გვაქვს. ამ ტიპის დროებითი აფეთქებები გვახსოვს წარსულში.
მსოფლიოს მრუდსაც თუ დავაკვირდებით, ამ პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. ასეთი აღმავლობები გასაკვირი არ არის. მთავარია, ისე როგორც წარსულში, ეპიდსამსახურების ეფექტიანი მუშაობის შედეგად მოხდეს ამ შემთხვევების ლოკალიზაცია და არ გავრცელდეს ქვეყნის მასშტაბით, ისევ მოხდეს დაბრუნება საწყის ნიშნულზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ტიპის მცირე აღმავლობები ყოველთვის იქნება, მთავარია, შევინარჩუნოთ ისევ ამ დონეზე და არ მოხდეს ქვეყნის შიგნით გადაცემის მასშტაბური დაწყება და შემდგომ – შემთხვევების განუხრელი მატება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები