,,30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში ვარაზისხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება”

30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, საუბარია დახაზვით სამუშაოებზე. ამასთან, თბილისის მერმა განმარტა, რომ აღნიშნული პროექტი მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს არ გულისხმობს და მოიცავს ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებსაც.

„თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება და 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 12:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რათა სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ აღნიშნული მონაკვეთი. სამი დღის განმავლობაში მოხდება ეს. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება უკვე ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. რა თქმა უნდა, ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით.

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს: ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი და აბაშიძე, ეს არის ერთი დიდი კლასტერი. როდესაც ხდებოდა სქემების დამუშავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზუსტად ისე გადანაწილება, როგორც არის დღეს, გამზირის შუა ნაწილშია ავტობუსის ზოლები, რათა შეუფერხებლად მოხდეს მოძრაობა, ყველაფერი არის დათვლილი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორც ერთ ძალიან დიდ სივრცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები