სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას – 7 303 ლარის ოდენობით.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას – 7 303 ლარის ოდენობით. გამოძიების პროცესში, ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით.