ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინის გაგზავნა უზრუნველყო

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.
საქართველოდან ლატვიაში გაგზავნილი ქართული ღვინის ნაწილი ქალაქ რიგაში 29 და 31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დეგუსტაციებს ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. ღვინის დარჩენილი ნაწილი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

“მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც  მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამა” შემუშავდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 800 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა 24%-ს აღწევს”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტო კონტრაქტორი კომპანია TRIBE INTERNATIONAL-ის მეშვეობით ახორციელებს. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, სარეკლამო კამპანია, ძირითადად, ონლაინ და ციფრული ტექნოლოგიების ფორმატში ტარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები