მეუფე დანიელი: ცრუ მოძღვრებათა გამრავლება არის სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი, ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები სარწმუნოებას თანდათან კარგავენ
“ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწუნოებას, მათში ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები სულ უფრო და უფრო მატულობს”,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე დანიელმა წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„თქვენ იცით, რომ ეს არის წმინდანი, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იყო ცაში ატაცებული. საღმრთო სწავლების მიხედვით, უფალი დააბრუნებს მას, როდესაც დედამიწაზე დაიწყება ყველაზე სასტიკი დევნა სარწმუნოების. ეს იქნება მეორედ მოსვლის წინა ჟამი, როდესაც ანტიქრისტეს სახელით მოსული თვითმარქვია დაუწყებს დევნას ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
ილია თეზბიტელი როგორც ცნობილი დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოების და მამცილებელი ცრუ მოძღვრებათა, კერპთაყვანისმცემლობისა, შეებრძოლება ცრუ სწავლებებს და მოწამეობრივსა აღსასრულს მიიღებს. საქართველოს ეკლესიაში ყოველთვის იყო დიდი თაყვანისცემა ამ წმინდანისა, რადგან ქრისტეშობამდე ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ქვეყანა გახდა ღირსი ილია თეზბიტელის მოსასხამისა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ განსაკუთრებით, როგორც ილია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მადიდებელი ჭეშმარიტი სარწუმოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე, მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას.
ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვთისმშობელი და არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას. მრავალი ნიშანია, მთავარი ნიშანი არის, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს – გამრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, იმ მასშტაბით, როდესაც თვით რჩეულნი, რჩეული პიროვნებები და ერები, ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. აი, ეს არის სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწუნოებას, მათში სულ უფრო და უფრო მატულობს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები.
სწორედ მე-19 საუკუნეში, როდესაც საქართველოში შემოდიოდა სული ურწმუნოებისა, სული ღვთის ბრძოლისა, სწორედ მაშინ ღმერთმა მოუვლინა საქართველოს წმინდა ილია მართალი. ილია ჭავჭავაძე, რომელიც აღიმართა ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ. არ არის შემთხვევითი, რომ მას ერქვა ილია. რადგანაც სწორედ თეზბიტელის შემართებით მხნედ ებრძოდა ყოველგვარ ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ ფასეულობებს“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.