მიხეილ ხიდურელი: მსოფლიო ბანკსა და IFC-სთან ერთად მოვამზადეთ სტრატეგია, რომელიც კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად
“გვქონდა შესაძლებლობა, ქართველ ექსპერტებთან ერთად განგვეხილა ჩვენი განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, სადაც, რა თქმა უნდა, იკვეთება კონკრეტული სექტორები”, – ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე იმსჯელეს.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ის სექტორები განიხილეს, რასაც საქართველოში ინვესტიციის კუთხით მეტი უპირატესობა აქვს.
„ჩვენ მსოფლიო ბანკსა და IFC-სთან ერთად გავაკეთეთ ძალიან საინტერესო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას, აქედან ჩვენ უმეტესობასთან გავაგზავნეთ უკვე წერილები და აქტიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. განვიხილეთ ის სექტორები, რასაც მეტი უპირატესობა აქვს საქართველოში ინვესტიციის კუთხით და ასევე განვიხილეთ ის შესაძლო ინვესტორების დახმარების სქემები, რომლებიც ჩვენ შეიძლება, უახლოეს მომავალში წარვადგინოთ”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.