“თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის “ჭკვიან” კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
“სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის “ჭკვიან” კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ 18 ივნისს გახდა ცნობილი, მისი ცხედარი 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.