ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი: ოქრუაშვილმა გასცა დავალება, გადაერჩინათ პოლიციის იმიჯი და მანქანაში მსხდომ პირებს იარაღი ჩაუდეს
“ავტომობილში მსხდომ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაუდეს, ასევე, გაყალბდა მტკიცებულებები”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
„2004 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილმა, შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა გასცა დავალება, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და ამ ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. შედეგად, ეს ასეც მოხდა. ავტომობილში მსხდომ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაუდეს, ასევე, გაყალბდა მტკიცებულებები და პირები უკანონოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე კი გამოაცხადეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად”, – განაცხადა სადრაძემ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების – ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.