“სტრასბურგიდან 50-ზე მეტი საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამების, სიცოცხლის წართმევისა და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დანაშაულებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი ტქმით, ბუტა რობაქიძის საქმე ერთერთია, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიას საკმაოდ “შავ ლაქად” დააჩნდა.
„კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაივიწყეს, რომ სტრასბურგიდან 50-ზე მეტი საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამების, სიცოცხლის წართმევისა და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დანაშაულებებს. რობაქიძის საქმე ერთერთია, რომელიც შესაძლოა, სტრასბურგში არ მოხვდა განსახილველად, მაგრამ საკმაოდ “შავ ლაქად” დააჩნდა საქართველოს თანამედროვე ისტორიას. ამის პოლიტიზება არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. როცა საკითხი ეხება მათ პოლიტიკურ ინტერესს, ისინი არათუ სდუმან, არამედ უტიფარ განცხადებებს აკეთებენ. განა, რობაქიძის სიკვდილით მთელი საქართველო შეძრული არ იყო ან დღემდე არ არის? ან რომელი პოლიტიკური ძალა არსებობს ისეთი, რომელიც შეცვლის არსებულ რეალობას? – არსებული რეალობა საკმაოდ მძიმეა.
რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მთავრობა და პარლამენტი გეგულებათ ისეთი, რომელიც მიუთითებს პროკურატურას, რომ მძიმე დანაშაული მხოლოდ იმისთვის დაფაროს და დამალოს, რომ საარჩევნო ატმოსფერო არ გააფუჭოს. რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიდოდეს დანაშაული, კონკრეტული დამნაშავე პირი ვისთანაც უნდა იყოს დაკავშირებული, ეს პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს გამოყენებული. დღეს ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.