დავით ზალკალიანმა ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილ „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას”, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს, ასევე აღინიშნა შემდგომი რაუნდისთვის მზაობა. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოს. ელჩი მიესალმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ძალზედ ოპტიმისტურად უყურებს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები