გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, შესვლა-გასვლისას მოქალაქეები ტემპერატურის შემოწმებას გაივლიან – ბაზრობებზე კი კონტროლი გამკაცრდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, ბაზრობებზე კი რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, შესვლა-გასვლისას მოქალაქეები ტემპერატურის შემოწმებას გაივლიან. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. ამასთან, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება თერმოსკრინინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას წარმოადგენს, ამასთანავე, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ჯამში 7 შემთხვევაში ინფიცირების წყარო დაუდგენელია. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეგულაციების შემსუბუქების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ზედმიწევნით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის გამოიყენონ პირბადე დახურულ სივრცეში და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ამასთან, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ღია ტიპის სტადიონებზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივით საბჭოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა. ღია ტიპის სტადიონებზე მაყურებელი დაიშვება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე განისაზღვრება მაყურებელთა ის რაოდენობა, რომლის სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ნებადართული იქნება თითოეული მოედნისა და სტადიონის შემთხვევაში.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, სადღესასწაულო, რიტუალური და სხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ხოლო რეპეტიციების ჩატარება – დახურულ სივრცეში.

საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე. როგორც სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამები და დარგის განვითარება ქმნის დამატებითი სამუშაო ძალის საჭიროებას, რაც დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამ კუთხით ამ დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც სხვადასხვა კულტურების საკმაოდ კარგი მოსავლის აღების და დაბინავების ინტენსიური საჭიროება დგება, მსგავსი საჭიროება იქნება სხვა რეგიონებშიც თხილის სეზონზე, შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში სეზონურად მუშაობდნენ, ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოში სეზონურად დასაქმდნენ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს უკვე გახსნილი ეკონომიკური სუბიექტების შემოწმებას. სხდომაზე აღინიშნა, რომ კონტროლის ღონისძიებები გაძლიერდება ბაზრობებზე.

ამასთან, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, გრძელდება ავიარეისების შესრულება, რომლებზე ბილეთის ფასიც 200 ევროს არ აღემატება. ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი ფრენებს 22 ივლისს – პარიზიდან, ხოლო 28 ივლისს – ათენიდან შეასრულებენ. ასევე, გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით გამგზავრების მსურველი სტუდენტების თხოვნით, უახლოეს პერიოდში შესრულდება თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიარეისი, რომელზეც ბილეთის ფასი ასევე ხელმისაწვდომი იქნება.

ამასთანავე, წარმატებით დასრულდა საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანია Air France-თან და ის აგვისტოს დასაწყისიდან, ავიარეისებს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. როგორც ცნობილია, რეგულარული ფრენების აღდგენაზე უკვე დასრულებულია ყველა სახის პროცედურა გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-თან, რომელიც აგვისტოდან თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით იფრენს. ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკებები გრძელდება ავიაკომპანია Air Baltic-თან.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1049 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 903 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5692 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები