“ჩემი დამოკიდებულება გითხარით, მაგრამ ჯობს, საქმით დავადასტურო, რომ დიდუბე-ჩუღურეთს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში’, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქს კარგად იცნობს.
„ჩემი ხალხი მიყვარს, ამ რაიონში გავიზარდე, ვსწავლობდი, დღესაც ამ რაიონში ვცხოვრობ, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ რაიონისთვის ბევრია გაკეთებული. 2005-2012 წლებში 100 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული და, რეალურად, არაფერი გაკეთებულა.
ჩემი დამოკიდებულება გითხარით, მაგრამ სჯობს, საქმით დავადასტურო, რომ დიდუბე-ჩუღურეთს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, რაც მათ არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ დავით უსუფაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ბევრი სისუსტე გამოვლინდა, თუმცა ღირსეული ადამიანია და მეტოქეც ღირსეული იქნება.
“დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი გადასვლა პოლიტიკურ ფორმატში, კონკრეტულ ერთ პარტიასთან ურთიერთობის პირობებში, სხვაგვარად წარმოჩნდა, მისი მხრიდან ბევრი სისუსტე გამოვლინდა, თუმცა ღირსეული ადამიანია და თუ ჩემი მეტოქე იქნება, მეტოქეც ღირსეული იქნება.
„ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ისეთ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, რაც დავით უსუფაშვილს აქვს. ყველა მოწინააღმდეგე დასაფასებელია, თუ ჩადენილი არ აქვს ბოროტება და დანაშაული. მისი ხედვები ჩემი ხედვებისგან შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ ბოროტება მას არ ჩაუდენია“, – აცხადებს ვოლსკი.