საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აზერბაიჯანის მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი საბრძოლო მოქმედებებისთვის ერევანი წინასწარ ემზადებოდა, რადგან, გამოცემის მტკიცებით, შეტაკებამდე რამდენიმე დღით ადრე სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთმა სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა მიიღო.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მასალა შეიცავს უამრავ უზუსტობას და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ.
“ერთერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და, მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.