პაატა იმნაძე: სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით
“სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატირალი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, რადგან ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე „კოვიდის“ ისტორიამაც დაადასტურა.
“ღამურებს იკვლევს ყველა მთელს მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ ღამურების კვლევები აწარმოოს. აბსურდია. ისეთს იტყვიან ხოლმე, რომ სერიოზულად პასუხის გაცემა მიჭირს. სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს. იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს. ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს, რადგან ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ“, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში – არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“. დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან , მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.