გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის – გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრსა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ, ხელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა – კახაბერ გვანცელაძემ, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ – ხატია ფიჩხაიამ და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა – სალომე ყვავილაშვილმა მოაწერეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა განმარტა, გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საშეღავათო პაკეტებით სარგებლობა ბაგა-ბაღების 10500-მდე თანამშრომელსა და მათ ოჯახის წევრებს შეეძლებათ.
„მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია, ჩვენი ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ გაფორმდა დღევანდელი მემორანდუმი, რისთვისაც ამ საქმეში ჩართულ ყველა პირს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში, ბაღების პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებს ტატიშვილის კლინიკა, სამედიცინო მომსახურების მიზნით, 2021 წლის ბოლომდე 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ოჯახის წევრებთან ერთად, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სარეაბილიტაციო სერვისებზე მათ 20% -იან შეღავათი ექნებათ. საშეღავათო პირობები სტაციონალურ მომსახურებაზეც ვრცელდება, რაც სადეპოზიტო ანგარიშზე 500 ლარის ოდენობას გულისხმობს. რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტს, 30% -იანი ფასდაკლება გავრცელდება სამედიცინო და სარეაბილიტაციო, მათ შორის ფიზიო პროცედურების მიმართულებით, ხოლო, დანარჩენ მომსახურებაზე, როგორიცაა: ბალნეოლოგია, კოსმეტოლოგია და სპა, აქ საშეღავათო პროცენტი 10-15 %-ით განისაზღვრება.