ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: საერთაშორისო ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, მსგავს საკითხებში “ნაცმოძრაობის” აქტიურობა ირონიაა

“განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია ის, რაც ხდება არის არა მარტო საერთაშორისო ნორმების, არამედ – ელემენტარული ადამიანური ნორმების დარღვევა”, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადება.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ირონიაა, როცა მსგავს საკითხებში “ნაციონალური მოძრაობა” განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს.

“განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. ის, რაც ხდება, არის არა მარტო საერთაშორისო ნორმების, არამედ ელემენტარული ადამიანური ნორმების დარღვევა. ამას აღვიქვამთ, როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფასა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. საერთაშორისო ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა. დაუშვებელია ადამიანების გატაცება. იმედია, რომ გატაცებული ადამიანები თავიანთ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი ირონიაა, როცა მსგავს საკითხებში “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურობს. სწორედ მათი მმართველობის დროს გადაუფორმდა რუსეთს ტერიტორიების 20 პროცენტი. უამრავი სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა, მათ შორის, 15 ელექტრო-ობიექტი. ძალიან დიდია ნუსხა და ეს არ არის საიდუმლო. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გვიკიჟინებენ, რაც ნამდვილად ირონიაა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით გახშირებულ ინციდენტებს ეხმიანება”. განცხადებაში ნათქვამია – “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რეგიონული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ჟენევის დისკუსიები ორმხრივ კონსტრუქციულ ჭრილში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები