საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი
“სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”, – ასე უპასუხეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომლის თანახმად, ბრიუსელიდან დაბრუნებულ მინისტრს, დავით ზალკალიანს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი არ გაუვლია.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელის ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.
“საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. 2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. აღნიშნული ვიზიტი, თავისი შინაარსით, გახლდათ ძალზე მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე, შეხვედრები გაიმართა ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.
თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და აღნიშნულ სხდომაზე მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობასა და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს.
მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები. სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება, უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – განაცხადეს უწყებაში.