კახა კუჭავამ და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე ისაუბრეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები იყო.
„ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით – საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე. ასევე, იმაზე, თუ როგორია დღეს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის ცვლილებები, რომელთა მიღებაც მოხდა 8 მარტის შეთანხმების თანახმად და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი მიესალმება მმართველი პარტიის ამ ძალისხმევას”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელში შესატან ცვლილებებსაც 13 ივლისს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ანგარიშზე კენჭისყრა სექტემბერში უკვე სესიაზე იგეგმება.
როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა საუბრის დროს განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატება “კოვიდ-19”-თან ბრძოლაში, ასევე, ის, რომ საქართველო ერთერთი წარმატებული მაგალითია ევროპის სტრატეგიული პარტნიორობის, რომლის მიზანი, საბოლოოდ, ევროკავშირში ქვეყნის სრულფასოვან წევრობას უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით საკითხებსა და ამ კუთხით საქართველოს წარმატებებზე. კახა კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ აქტუალურ გლობალურ თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.
„გამომდინარე იქედან, რომ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი თავად “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელია, საუბარი შეეხო ასევე გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც ევროპისთვის გამოწვევას წარმოადგენსა და იმ წარმატებებს, რომლებიც ამ კუთხით საქართველოს აქვს და რაც ბოლო ოთხ წელიწადში ამ მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოსდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოთი გამოიხატება”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.