დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, მათ არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა

„ოპოზიციაში იკითხება და ისინი უკვე ხმამაღლაც ამბობენ, რომ მათ სურთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ამ შემთხვევაში უკვე საფრთხე ექმნება არჩევნებს – მათ სურთ არჩევნების გადადება”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა „რუსთავი 2″-ის ეთერში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებზე საუბრისას, რომლის თანახმად 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს არჩვენებში მონაწილეობა.

“ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების პროცესი სწორად ვმართოთ, მოსახლეობის ჯანმრთელობა მივიყვანოთ ეპიდემიოლოგიურად სასურველ შედეგამდე და არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში,”- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიღებით არავითარ ანტიკონსტიტუციურობას არ ექნება ადგილი და პირიქით, სწორედ კონსტიტუციით, ხელისუფლებას აქვს პოზიტიური ვალდებულება კრიზისები მართოს სწორად და დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღება ქვეყანას საშუალებას მისცემს იცხოვროს მსუბუქი რეგულაციებით და არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების ეპიდემიოლოგიური საჭიროება არსებობს და თან საგანგებო მდგომარეობა მძიმეა ეკონომიკურად როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ოჯახისათვის და თითოეული მოქალაქისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ რეგულაციებზე, რომელიც რეგულირდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით და ეს ცვლილებები ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს აკონტროლოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ინფიცირებული მოქალაქეების მიერ ვირუსის იმპორტი ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები