თორნიკე რიჟვაძემ აშშ-ის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარა, კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ როგორც COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე, იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი აჭარასთან მიმართებით გვაქვს დასახული.
ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებით.

მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის – ,,პორტერის“ ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერასა და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე, საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები