ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმის მერთან დაკავშირებით ოპოზიცია უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით მერი, ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა. 11 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერი, თანამდებობას ტოვებს. თუმცა მას ოფიციალური განცხადება წასვლის თაობაზე ამ დრომდე არ გაუკეთებია. პრესსამსახურში კი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ. ბრიფინგი ბათუმის მერს დღეს უნდა გაემართა, თუმცა შვებულების გამო გადაიდო.
აღმოჩნდა, რომ არც ბათუმის საკრებულოში გაიმართება ჩანიშნული სხდომა, სადაც მერს დღეს ანტიკრიზისული ბიუჯეტი უნდა წარედგინა.
მერის თანამდებობის დატოვების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ოპოზიციაში დიდი ხანია აქვთ. ამბობენ, რომ მას თანამდებობის დატოვებას მმართველი გუნდი სთხოვს, სანაცვლოდ კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „ოცნების“ პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს, თუმცა მას ამაზე უარს ეუბნებიან.
ბათუმის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ რომ მმართველი გუნდიდან ბათუმის მერზე ზეწოლა ხორციელდება. რამაც მისი თანამდებობიდან გადადგომა განაპირობა.
,,ეს საკითხი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში პირდაპირი წესით არჩეული მერები საზოგადოების წინაშე არავალდებულად გრძნობენ თავს. მერი უნდა გამოვიდეს და საჯაროდ უნდა განუმარტოს საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ., ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ინფორმაცია დიდი ხანია მერის წასვლის შესახებ. მთავარი საკითხი ამბასადორის საკითხს უკავშირდება, რომელმაც ბათუმის ბულვარში არა 4 სართულიანი არამედ 15 სართულიანი შენობის აგება დაგეგმა. თუ პროექტს ხელს არ მოაწერდა ბათუმის მერი, მას დაჭერით ემუქრებოდნენ“-ამბობს მირდატ ქამადაძე
,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას საწინააღმდეგოს ამბობენ მმართველ გუნდში. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ,,ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის მერზე განხორციელებულ ზეწოლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ოპოზიცია წინა საარჩევნო პერიოდისთვის ჩვეულ ამპლუაშია და უსაფუძვლო ბრალდებების სერიებს აგრძელებს.
,,არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია ბათუმის მერს თორნიკე რიჟვაძესთან, არც მმართველი გუნდის წევრებთან. პირიქით იდეალური ურთიერთობა აქვს, სიმართლე გითხრათ არ დამირეკავს მისთვის. ის ხალხის არჩეულია და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ განმარტებას გააკეთებს და კითხვებზე პასუხს გასცემს საზოგადოებას. ოპოზიცია ჩვეულ ფორმაშია, ისინი წინასაარჩევნოდ ყველაფერს ნეგატიურს იტყვიან“- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა
2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ლაშა კომახიძემ 55,67% დააგროვა და ბათუმის მერად აირჩიეს. ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში ქუჩების დიდი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა. თუმცა ისტორიული ზონის განაშენიანების გეგმიდან ,,რივიერას“ ამოღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ და მოქალაქეებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ამას მოჰყვა ტურისტულ ზონებში აგებული მრავალსართულიანი შენობები. საპროტესტო აქციები. თუმცა ბათუმის მერმა, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით ქუჩებიდან გაიყვანა გარემოვაჭრეები, რომლებიც ცენტრალურ ტერიტორიაზე საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ. მათ ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართი შესთავაზა. ბოლომდე მიიყვანა ,,იაფი სახლის“ საცხოვრისის პროექტიც.
მერის მოვალეობას ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში ასრულებს. ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს გასდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები