კახა ბექაური: დროებითი მმართველის დანიშვნა საჭიროა მომხმარებლების უფლებების დასაცავად და არა – კომპანიებზე კონტროლის გასაძლიერებლად
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმ სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს უპასუხა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის და არასამათავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ვრცელდება.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება, არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.
„ბევრი სპეკულაციები მოვისმინე ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან ითქვა, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, ეს არ არის სიმართლე, რადგან ორ კანონში უკვე ასეთი მექანიზმი, თუ ორ კანონში არ არის ანტიკონსტიტუციური მესამეში ვერ იქნება და ეს არის სიცრუე,-” განაცხადა კახა ბექაურმა.
კახა ბექაურმა, ყურადღება გაამახვილა „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ პაკეტზეც და განაცხადა რომ პარლამენტთან შეთანხებით თანმდევი ცვლილებების პაკეტი მოხსნილია დღის წესრიგიდან.
„ამ პაკეტს თან ახლდა თანმდევი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში გასაჩივრების ნაწილს, სასამართლო პრაქტიკა შეცვლილია ბევრი წელია, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებები ავტომატურად აღარ ჩერდება. ასევე კანონის მიხედვით შესაძლებელია კომპანიამ მოითხოვოს და გაასაჩივროს, სპეციალური მმართველის დანიშვნა, რადგანაც კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ავტომატური გაჩერება ასოცირების შეთანხმების მიხედვით არის ხარვეზი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ვინაიდან, ვალდებულება გვაქვს, რომ ჰარმონიზაციაში მოვდიეთ ასოცირების შეთანხმებასთან და ავტომატურად არ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებების გაჩერება, თანმდევ დოკუმენტაციაში წარმოვადგინეთ ეს ცვლილებებიც, რომელიც ეხება ყველას მათ შორის მედიას, რადგან ჩვენ მაუწყებლობის სფეროსაც ვარეგულირებთ. თუმცა, ძირითადი ცვლილებების არსი აბსოლუტურად სხვა არის და კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ, როდესაც მთავრობამ ინიციატივა დაარეგისტრირა, სამუშაო რეჟიმში პირველივე დღეს პარლამენტთან შევთანხმდით, რომ ეს თანმდევი დოკუმენტაცია არ არის აუცილებელი, ამიტომ შევთანხმდით პარლამენტთან, რომ ეს ცვლილება აღარ იქნება.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე ბევრი ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან”,- განაცხადა კახა ბექაურმა.