ჩინეთში აცხადებენ, რომ ყაზახეთში საშიში ინფექციაა გავრცელებული, რომელიც ახალი ტიპის პნევმონიას იწვევს – რესპუბლიკაში ინფორმაციას უარყოფენ

ყაზახეთში ჩინეთის საელჩომ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი ინფექციაა გავრცელებული, რომელიც ახალი ტიპის პნევმონიას იწვევს.

საელჩოში ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან დაავადება, პნევმონიის სახით, ატირაუს, აქტობესა და შიმქენთის ოლქებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, აღინიშნება, რომ ახალი, ჯერ კიდევ უცნობი პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე – კოვიდ19-სგან.

ყახაზეთში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ამჟამად, აღნიშნულ რაიონებში თითქმის 500 ადამიანია ინფიცირებული, 30-ზე მეტი პირის მდგომარეობა კრიტიკულია. აღინიშნება ისიც, რომ რესპუბლიკაში წლის პირველ ნახევარში პნევმონიას 1 772 ადამიანი ემსხვერპლა, მხოლოდ ივნისშია 628 გარდაცვლილი, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან. ამ ტიპის ვირუსის კვლევა, ჯერჯერობით, კონკრეტულ შედეგებს ვერ იძლევა.

თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

10 ივლისის მდგომარეობით, ყაზახეთში კორონავირუსის 54 747 შემთხვევაა გამოვლენილი, 264 პაციენტი გარდაცვლილია, ხოლო 35 137 პირი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები