ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება
„არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქი-ბუქი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ.
“სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს.
„მის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ეს ყველაფერი აგებულია მის ტყუილებზე, ბაქი-ბუქზე, მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. საკითხი დგას სხვანაირად აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხის გვერდით ხელჩაკიდებული იქნება.
“მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.