ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ მიმართულებებზე. ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორცილების მეშვეობით.
მუდმივმა წარმომადგენელმა, ტომას გრემინგერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გლობალური პანდემიის ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.