ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში 21 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ, ჯამურად, 2 100 აშშ დოლარი შეადგინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.