ნინო წილოსანი: დიდი შესაძლებლობის ძალიან ბევრი ქალი გვყავს “ოცნებაში”
“დიდი შესაძლებლობის ძალიან ბევრი ქალი გვყავს “ოცნებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი “კვირის პალიტრასთან” აცხადებს.
“ის, რომ ერთეული ქალები აღწევენ წარმატებას, არ უზრუნველყოფს ყველა ქალის შესაძლებლობების რეალიზაციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველას მიეცეს რეალიზების საშუალება. კვოტირება დისკრიმინაციის აღმოფხვრის სპეციალური ზომაა, რომელსაც ჩვენთვის ძალიან სამაგალითო ბევრი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი… ეს პროგრესული ნაბიჯი უკეთესი პოლიტიკური სივრცის შექმნას ემსახურება.
რეგიონებში უამრავი ქალი იგებს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ შემდეგ მინიმალურად არიან წარმოდგენილნი საკრებულოებსა და საკანონმდებლო ორგანოებში”, – აცხადებს ნინო წილოსანი.
კითხვაზე, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ეკა ბესელიას ალტერნატიულ წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
“ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ გენდერული კვოტირების შესახებ. გუნდშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა. ვერსია, რომელიც ირაკლი კობახიძემ წამოაყენა, ოპტიმალური ვარიანტი იყო, რომელსაც ჩვენი უმრავლესობის წევრები უჭერდნენ მხარს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ის ბუნებრივი ბალანსი, რაც პოპულაციაში არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის, აუცილებლად უნდა აღდგეს როგორც პოლიტიკაში, ასევე, ეკონომიკაში.