საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია.
„დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და მინდა, აქედან მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია იმისთვის, რომ ამ პირობებში მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს, ყველას მომავალსა და, პირველ ყოვლისა, მათ მომავალს. ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.