ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება
“ხვალ, დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ”,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელი იქნება.
„აბიტურიენტები უნდა მობრძანდნენ პირბადით. თუ არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ. გაივლიან თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, ჩავურთავთ კონდიციონერს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაიკეთონ პირბადე. აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ პირადობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში შეუძლიათ შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავგელიანი კალამი. სექტორში მერხებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის მინიმუმ ერთი მეტრი. 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში, აბიტურიენტებს გადაუმოწმდებათ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით და ამის შემდეგ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ აბიტურიენტის შესვლა სექტორში დაუშვებელია, ამ შემთხვევაში მას მიეცემა რეკომენდაცია, რომ ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი. გამოცდები საკმაოდ ხანგრძლივია, შესაბამისად, კიდევ გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა არ გვექნება“,- განაცხადა გორგოძემ.