ირაკლი ბერაია ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

ირაკლი ბერაია ევროკავშირის წარმომადგენელს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, პანდემიის პერიოდში პროვოკაციებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ შეტევებზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერებაზე ესაუბრა.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ტოივო კლაართან, სადაც შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. პანდემიის პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთ საქართველოს კონფლიქტის პრიორიტეტულობას ევროკავშირის დღის წესრიგში”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები