არჩილ თალაკვაძე: საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, მთავარი მიზანია, ოქტომბერში თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ხელისუფლების მიზანია, ოქტომბერში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო დემოკრატიის გაძლიერებას აგრძელებს.

„გუშინ ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის რეფორმა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ორგანიზაციამ საქართველოში წინა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება მთავრობის მიერ პოლიტიკური ნების გამოხატულება იყო და გუშინ ამ შესწორებების დამტკიცება მოვახერხეთ. ყველა შესწორება განვიხილეთ ფართო ჯგუფში, სადაც ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, ჯერ კიდევ არის წინ გადასადგმელი ნაბიჯები, მისაღები გვაქვს თამამი და გაბედული გადაწყვეტილებები.
დღესდღეობით ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ დემოკრატიული, თავისუფალი, სუფთა არჩევნები ოქტომბერში. იმედი მაქვს, ის ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის ფარგლებში მივიღეთ, არჩევნებისას უსაფრთხოების საკითხებში და მოქალაქეების „კოვიდ-19“-სგან დაცვაში დაგვეხმარება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას. თქვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მადლობა ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისა და კონსულტაციებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ეს ერთად შევძელით. ჩვენ ოქტომბერში თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს ველოდებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები