მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და შიდა გადაცემას არ უკავშირდება.
„939 პაციენტი იყო დადასტურებული, დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და გვყავს 943. გამოჯანმრთელებულებიც ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 821. ოთხი ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილია, არცერთი არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ორი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორი – სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები არიან.
ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა. დაგვემატა ერთი და ერთიც გამოჯანმრთელდა.
ახალი შემოსული პაციენტი არის საქართველოს ერთერთი მოქალაქე, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი და საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.