ნათია თურნავა: ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და 7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება

„იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ“ მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტ ტვ-“ს ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, მთავრობის პრეტენზიის არსი არის ის, როცა რაიმე არ კეთდება მოსახლეობის სასარგებლოდ.

„კარგად გვესმის „აირზენასიც,“ რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინასური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი“ იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ“ რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული.

„მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა – გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „აირზენამ“ ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები