ვეფხვია გულედანი: ურიგო არ იქნებოდა, თუ მასობრივი სიცრუე ჩვენთანაც მოექცეოდა კანონის ნორმებში
“ურიგო არ იქნებოდა, თუ მასობრივი სიცრუე ჩვენთანაც მოექცეოდა კანონის ნორმებში”, – ამის შესახებ ა/ო ,,საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი აცხადებს.
მისი თქმით, მაკრონის ინიციატივით მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, ტყუილის მასობრივი ტირაჟირება ან მედიასაშუალებით ცრუ, სხვისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ან ჯარიმით 75 000 ევრომდე.
“მნიშვნელოვანი გამოწვევა ყალბი ინფორმაცია და სიცრუით მანიპულირება გახლავთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რაც დამეთანხმებით, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არაა იშვიათობა. სამწუხაროდ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და პარტიები ხშირად მიმართავენ პოლიტიკური პიარის თუ ანტიპიარისთვის სიცრუის უტიფრულ უტრირებას და ამ თვალსაზრისით ზიანდება მედიაგარემო, დემოკრატიული ღირებულებების სწორი აღქმა საზოგადოებაში და სიტყვის თავისუფლების, როგორც მოცემულობის რეპუტაცია. აღნიშნულ პრობლემას აწყდება ყველა დონის სახელმწიფო, როგორც განვითარებული ზესახელმწიფო, ასევე, განვითარებადი და სხვა. მაგალითად: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, და ა.შ. თუმცა, მეტად საინტერესოა საფრანგეთის პრაქტიკა ეგრეწოდებულ „ფეიკ -ნიუსთან” მიმართებით. მაკრონის ინიციატივით, მათ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით ტყუილის მასობრივი ტირაჟირება ან მედიასაშუალებით ცრუ, სხვისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის ისე გავრცელება, რომ თითქოს სიმართლეა და წყალი არ გაუვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ან ჯარიმით 75 000-ევრომდე. ვფიქრობთ, საფრანგეთს ვერავინ დაუწუნებს დემოკრატიის ხარისხს და ვერც ვერავინ იტყვის, რომ იქ სიტყვის თავისუფლება არაა ან შეზღუდულია, (თუმცა ბოლო დროს გერმანიის ელჩის და გერმანიის სახელმწიფოს გაკრიტიკება ვაი ოპოზიციის მხრიდან ყველაფერს გაფიქრებინებს) აგრეთვე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ხშირად ციტირებს აღნიშნული საკითხის სანქცირების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით… შესაბამისად, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნებოდა თუ მასობრივი სიცრუე ჩვენთანაც მოექცეოდა კანონის ნორმებში… ჩემი აზრით, მოატყუო მეგობრები ცუდია და კერძო საკითხია, რაც რეგულაციებს ვერ დაექვმდებარება, მაგრამ მოატყუო ქართველი ხალხი და ზოგადად საზოგადოება მიზანმიმართულად, ეს უკვე დანაშაულია”, – აღნიშნავს გულედანი.