ირაკლი კობახიძე: მივიღეთ კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ანტიდასავლური და არაპროგრესული ძალა
“საქართველოს აქვს ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი შეიცვალოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციას – კობახიძის თქმით, ეს არის ანტიდასავლური და არაპროგრესული ძალა.
“საქართველოს აქვს ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, მსოფლიოშიც კი, სამწუხაროდ, აუტსაიდერები ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი შეიცვალოს და მეტად იყოს დაბალანსებული პარლამენტი მომდევნო მოწვევიდან. ჩვენ მიერ შეთავაზებული სისტემა უზრუნველყოფს ყოველ შემდეგ მოწვევაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას და, საბოლოოდ, მინიმუმ, 50-მდე გაიზრდება ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ პარლამენტში 30 იქნება გარანტირებული, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მეტი ქალით იქნება წარმოდგენილი შემდეგი პარლამენტი. ეს არის ძალიან პროგრესული ცვლილება და ჩვენ გავიზიარეთ, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნა ამასთან დაკავშირებით და თქვენ დაინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც დადგა იმ პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც ემთხვევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას. ჩვენ მივიღეთ იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ანტიდასავლური და არაპროგრესული ძალა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.