მამუკა მდინარაძე: მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია

“მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია. თუ გზა გაეხსნებათ პარტიებს, რომლებსაც ორიენტირება ექნებათ რეალურ საჭიროებებზე, ეს ქვეყნისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მაგრამ ეს ამ არჩევნებზე, ალბათ, ვერ მოხდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ძირითად ოპოზიციურ ძალად, ჯერჯერობით, ისევ „ნაციონალური მოძრაობა” რჩება.

„მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია, რომელიც მოახერხებდა საქმეზე ლაპარაკს და არა – სპეკულირებას. მოახერხებდა მოქალაქეების გაჭირვებაზე ლაპარაკს, მაგრამ, ჯერჯერობით, არაა სხვა პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი ისეთი, რომ ისინი გარდაიქმნან მძლავრ ოპოზიციად, რომელმაც შეიძლება, გაუწიოს კონკურენცია მმართველ გუნდს.

სამწუხაროდ, ამ ნიშას ჯერ კიდევ იჭერს „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სამეგობრო პოლიტიკური პარტიები, ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ისევ ისინი არიან მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოდგენილები, რომლებმაც ლიდერად აირჩიეს შალვა ნათელაშვილი და გიორგი რურუა, ნაცვლად მიხეილ სააკაშვილისა. მიხეილ სააკაშვილი გარედან ახორციელებს ლიდერის ფუნქციებს. დღევანდელი სამწუხარო მოცემულობა ესაა. შემდეგ არჩევნებზე პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესაძლოა, გაცილებით კონსტრუქციულები იყვნენ, ვერ გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას მმართველ გუნდს იმიტომ, რომ არიან ძალიან ახლები, მათი რეიტინგი, ჯერჯერობით, დაბალია. თუ გზა გაეხსნებათ პარტიებს, რომლებსაც ორიენტირება ექნებათ რეალურ საჭიროებებზე, ეს ქვეყნისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. მაგრამ ეს ამ არჩევნებზე, ალბათ, ვერ მოხდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები