გიორგი კაკაურიძემ “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტში” შესატანი ცვლილებები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ​

2014 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის დაფინანსების ხელშეკრულებაში (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)” შესატანი ცვლილებები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკურიძემ წარადგინა.

სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას ხელი 2020 წლის 10 ივნისს მოეწერა და იგი ითვალისწინებს პროექტის თავდაპირველი დაფინანსების ხელშეკრულებაში გარკვეული დებულებების დაზუსტებას, ასევე, პროექტის დახურვის ვადის გადაწევას 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

მომხსენებლის განმარტებით, „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” განხორციელებისთვის 2014 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. წელს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა აღნიშნული პროექტისთვის დამატებით გამოყო 18,2 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომელიც მოხმარდება ქვემო სამგორის, ზედა რუსასა და ტბისი-კუმისის არხების/საირიგაციო არეალების მიწის სისტემურ რეგისტრაციას, მიწის მდგრადი მართვისა და მიწის გამოყენების მონიტორინგის სააგენტოს განვითარებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი. მომხსენებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები