ჰუბერტ ქნირში: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს

“გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზეც ისაუბრა.

ელჩის თქმით, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან საქართველოს პარლამენტში პლურალიზმს გაზრდის.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარსაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები