სალომე ზურაბიშვილი: მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს

“მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად არა მხოლოდ კონსტიტუციით, მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე, ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების როლზეც და მათ მადლობა გადაუხადა.

„მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად არა მხოლოდ კონსტიტუციით, მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე, ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა.

მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რამე ეწერა რომელიმე შეთანხმებაში, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას, დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა.

არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა ასევე ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ მათი ნაბიჯი, მათი ჩართვაც იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.

ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე.

ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ ამაში პანდემია ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები