მედია: ინტერპოლში ტრამპის ძებნაზე ირანს უარი უთხრეს
ინტერპოლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით ირანის მთავრობის მოთხოვნის განხილვას არ გეგმავენ.
ამის შესახებ რუსულ მედიას ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ლიონში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ, ორგანიზაციის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, ინტერპოლს არ შეუძლია, პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის ქმედებაში ჩაერიოს.
“ამგვარი შინაარსის მოთხოვნებს ინტერპოლი არ განიხილავს”, – განმარტეს ლიონში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანის სასამართლო ხელისუფლება ინტერპოლს მოუწოდებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გენერალ ქასემ სოლეიმანის ლიკვიდირებისთვის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს.
თეირანის პროკურორის, ალი მეჰრის თქმით, იმ 36 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, ვინც ქასემ სოლეიმანის მკვლელობის საკითხში იყო ჩართული, რომელთა შორის არიან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები.
ალი მეჰრი ამბობს, რომ აღნიშნული პირები ბრალდებული არიან “მკვლელობასა” და “ტერორიზმში” და დასძენს, რომ სიის სათავეში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.
ქასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტთან 3 იანვარს იქნა ლიკვიდირებული.