კახა კუჭავა: იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს

​იმედი მაქვს, რომ იმ სტანდარტს, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ღია მმართველობის კუთხით დანერგა, შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს, – ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს (OGP) თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, დისტანციურ სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ საბჭოს ახალი წევრები, გურამ მაჭარაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირინა ფრუიძე და ლევან მგალობლიშვილი წარადგინა და პანდემიის პერიოდში საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობები მიმოიხილა.
„ჩვენ შევადგინეთ საინფორმაციო დოკუმენტები და ინფორგრაფიკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მოქმედი სხვადასხვა წესის/შეზღუდვისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები მომზადდა არამარტო ქართულ, არამედ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საბჭოს წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

პარლამენტის 2019-2020 წლების მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საბჭოს წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,ნინო წილოსანმა წარადგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და მონიტორინგის ვალდებულება აიღო, რაც ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აისახა. ამ გეგმის თანახმად, 2019 წლის ივნისში შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის და საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის. ანგარიში ასახავს 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შესრულებულ აქტივობებს.

„სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს. სტრატეგია ეფუძნება პრინციპს „კეთილდღეობა ყველასთვის” და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საქართველოს პარლამენტმა ოთხი სტრატეგიული მიმართულება დაადგინა: კანონშემოქმედება, საბიუჯეტო პროცესი, ზედამხედველობა და მოქალაქეთა ჩართულობა.

პარლამენტის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ახალი ვებგვერდის სატესტო რეჟიმში ჩართვა.

საბჭომ, ასევე ითანამშრომლა ღია მმართველობა საქართველოს კომუნიკაციისა და სტრატეგიის შემუშავებაზე და მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ ორგანიზებულ ონლაინ პანელების ფორმატში, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც საბჭოს წევრებთან ერთა მონაწილეობა მიიღეს საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმაც.

სხდომა საბჭოს თავმჯდომარემ კახა კუჭავამ შეაჯამა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები