ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია საკუთარ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს
“ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და საკუთარ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
“ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ – გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე აკეთებს ასეთ განცხადებებს, მით უმეტეს, საუბარია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერზე. ეს არის მიუღებელი და მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა – „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.