ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო მეორე ტალღის საპასუხო ქმედებებისთვის პრაქტიკული მზადება დაიწყეს.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პენტაგონის ხელმძღვანელთან, მარკ ესპერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“პანდემიის მეორე ტალღაზე პასუხისთვის ჩვენი მზაობა ოპერაციული გეგმის დამსახურებით იზრდება, რაც გულისხმობს სამედიცინო საშუალებების, მოწყობილობების მარაგების ფორმირებასა და დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. ჩვენი სამხედროები დღე და ღამე მხარს უჭერენ სამოქალაქო ძალისხმევას პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენმა ქვეყნებმა თავდაცვაზე ინვესტირება უნდა გააგრძელონ, რომ ძლიერები დავრჩეთ და რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისში არ გადაიზარდოს”, – თქვა სტოლტენბერგმა.
პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადების პოლიტიკური გადაწყვეტილება 17-18 ივნისს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.